„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ფლაგმანი, გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია. გახარიას, „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ და ჩვენთვის მათთან ალიანსი გამორიცხულია, რადგან სხვადასხვა მიზანს ემსახურება კამპანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებენ.
„გახარიას პარტიისა და „ლელოს“ ელექტორატია „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერები. ამიტომ ისინი ასეთი განცხადებებით ცდილობენ ხელისუფლების ყოფილი მხარდამჭერების მიბმას. ისინი ცდილობენ, ამომრჩეველში თავიანთი იდენტობა იპოვონ. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ფლაგმანია. რაც მთავარია, გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია. გახარიას, „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ და ჩვენთვის მათთან ალიანსი გამორიცხულია, რადგან სხვადასხვა მიზანს ემსახურება კამპანია. მთავარია, პროდასავლურმა ოპოზიციამ გაიაზროს საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა, რომ 65 პროცენტზე მეტს ხელისუფლების ცვლილება უნდა. ოპოზიციამ კოალიციის ჩამოყალიბება უნდა შეძლოს. „ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა არ იყოს და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც შეძლონ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანის საშუალება მათი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად. თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნება და მათი მთავარი ამოცანა იქნება ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება და დაორგანიზება, ეს მისასალმებელია. სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტია დღეს მთავარ ამოცანად ისახავს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას და ამის საფუძველზე ელექტორალური ხმების აკრეფას, მაგრამ მთავარი ამოცანა უნდა იყოს საერთო ოპოზიციური სტრატეგიის ფარგლებში მოქმედება, საერთო გამარჯვების მიღწევა ქართველი ხალხის სასარგებლოდ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული კოლეგების სამომავლო გაერთიანებასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. გააჩნია, რა პოლიტიკურ ამოცანას ისახავენ მიზნად. თუ ცდილობენ და ეცდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის გახლეჩას, ბუნებრივია, ეს იქნება წარუმატებელი, რადგან მსგავსი გამოცდილება 2016 წელს „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით გვაქვს და ვნახეთ, რომ ელექტორატის გახლეჩა არ მოხდა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.