რაც მოსკოვმა სავიზო რეჟიმთან და ფრენებთან დაკავშირებით გააკეთა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს? რადიკალური ოპოზიციის, იმისთვის, რომ კიდევ ერთი არგუმენტი მიეცეს გაამტყუნოს ხელისუფლება, - ამის შესახებ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოჩნდა პოლიტიკაში, მოსკოვი პირდაპირ თუ ირიბად ეხმარება მას.
„უვიზო რეჟიმის დაწესებით, რუსეთისთვის უკეთესი მიმართულებით რა იცვლება? არც არაფერი. რუსეთის მოქალაქეებს, ისედაც აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა. დღეს რუსეთი ომშია ჩართული. ყველამ ვიცით, რომ უკრაინა შეტევისთვის ემზადება. წარმოგიდგენიათ, საქართველოდან დიდი ნაკადი წავიდეს რუსეთში? მხოლოდ ის ადამიანები შეიძლება იყოს, ვისაც ნათესავები ჰყავთ რუსეთში, ან პირადი მიზნებისთვის წავიდეს. ამასთან, შესაძლებელია რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ამას დასავლეთიდან აუცილებლად მოჰყვება ბირთვული იარაღის საპასუხო გამოყენება. ამ დროს ქართველები, რატომ უნდა წავიდნენ რუსეთში არ მესმის, როცა თავისუფალი სავიზო რეჟიმი გვაქვს ევროკავშირში. რუსეთის მოქალაქეებისთვის არაფერ სასიკეთოს არ იძლევა, მაშინ რატომ მაინცდამაინც ახლა? იმიტომ, რომ თუ დავუკვირდებით, მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოჩნდა პოლიტიკაში, მოსკოვი ხან პირდაპირ, ხან ირიბად მას ეხმარება. დავიწყოთ იგივე იგორ ივანოვის ჩამოსვლით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეხმარა ედუარდ შევარდნაძე გადამდგარიყო, შემდეგ ასლან აბაშიძის მოსკოვში გაყვანა. ყოველთვის ასე ხდებოდა. ახლა „ნაციონალურ მოძრაობას" უჭირს, დაშლის პირას არის, შიდა პრობლემები აქვს, სააკაშვილს უჭირს, ამ პირობებში რა ნაბიჯს აკეთებს? ოპოზიციას აძლიერებს. რაც მოსკოვმა სავიზო რეჟიმთან და ფრენებთან დაკავშირებით გააკეთა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს? რადიკალური ოპოზიციის, რომ მას კიდევ ერთი არგუმენტი მიეცეს გაამტყუნოს ხელისუფლება“ - განაცხადა ლადო პაპავამ.