სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრა მესამედაც არ შედგა.
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს, რაც ოპოზიციას არ აძლევს საშუალებას, კენჭისყრის შედეგად მათი ინიციატივა დადებითად გადაწყდეს.
საკითხის განხილვის შემდგომ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, „სასამართლოს დამოუკიდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე, უმრავლესობა არ გაივლიდა რეგისტრაციას, რაც მოსამართლეების მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის აქტს წარმოადგენს“. რეგისტრაცია დადგენილების პროექტის განხილვის შემდგომ, 51-მა დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, კვორუმი არ შედგა.
დადგენილების პროექტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი არც 18 და 19 აპრილს არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის. შესაბამისად, კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.