ბუნებრივია, ძალიან ბევრი შეცდომა იყო. შეცდომა იყო ისიც, რომ სახელმწიფოებრივად არ შეხედეს ამ ყველაფერს და რაღაცნაირად არ გაითვალისწინეს ის ძალები, რომელთაც ქვეყანაშია არევა სურდათ. ამ ძალებმა ბოლოს მაინც მიაღწიეს თავის მიზანს, საზოგადოება დააპოლარიზეს. ეს არ უნდა გავიმეოროთ, - ამის შესახებ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ 1990-იან წლებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ასეთი მოვლენები არ უნდა განმეორდეს.
„ქვეყანაში არევა არ უნდა მოხდეს კვლავ და არ უნდა მიეცეს ისეთ პროცესებს განვითარების საშუალება, რომლებიც ისევ პოლარიზაციამდე მიგვიყვანენ და ქვეყანას მიიყვანენ დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომის მსგავს მოვლენებამდე. იმიტომ რომ სამოქალაქო ომი მაინც არ განვითარდა, ამას ხელი შეუშალეს 1991-1992 წლების მიჯნაზე, რაღაცნაირად ჩატოვეს პირველ სტადიაში. მას არ მისცეს განვითარების საშუალება, კიდევ კარგი. რა თქმა უნდა, აქედან უნდა ვისწავლოთ. მახსენდება ჰეგელი, მას აქვს ერთი ასეთი ფრაზა, რომ სამწუხაროდ, ისტორია გვასწავლის ერთ რამეს - ხალხებმა და მთავრობებმა ვერაფერი ისწავლეს ისტორიიდან, არადა მათ აქედან ბევრი რამის სწავლა შეეძლოთ“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.