"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგენის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "იმედია, ასო ბგერების გადანაცვლება შინაარსს მნიშვნელოვნად შეცვლის".
"დეგნანი - დანიგენი სხვადასხვაა თუ შეცდომით ასო ბგერებია გადანაცვლებული? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, იმედია, ასო ბგერების გადანაცვლება შინაარსს მნიშვნელოვნად შეცვლის." - წერს კობა ხაბაზი.
ცნობისათვის: 13 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი დაასახელა. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
რობინ დანიგენი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს, მანამდე კი დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.
სხვადასხვა დროს, ის იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას; ასევე მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
დანიგენი კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ის ელჩად საქართველოში 2020 წლის 29 იანვარს, სამი წლის ვადით დაინიშნა.