პირდაპირი ფრენები ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეიძლება, შეუშალოს ხელი ვიზების გაუქმებასთან და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილებამ ევროპული საბჭოს მხრიდან მისაღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და როგორ შეაფასებს ხელისუფლების განცხადებებს, რომ საქართველოში არცერთი სანქცირებული კომპანიის თვითმფრინავი არ იფრენს, ისევე, როგორც მხოლოდ არასანქცირებულ კომპანიებს იღებენ ისრაელი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
„გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდა ბოლო პერიოდში, დღეს უკვე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი განცხადება კეთდება, რომ სხვა ტიპის ურთიერთობების აღდგენაზეც არის საუბარი, რომ უნდა გაუმჯობესდეს ურთიერთობა. ეს არის პოლიტიკური განცხადებები გადაწყვეტილებების განზრახულობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს პარტნიორებს უჩენს შეკითხვებს, სად დგას საქართველო, ევროპის სტატუსის მოპოვების გზაზე, თუ რუსეთისკენ ტრიალდება. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლის შეფასებაც მოხდება მოგვიანებით, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეკითხვაზე, არ არის თუ არა გასათვალისწინებელი ის ფაქტორი, რომ რუსეთში საქართველოს არა ერთი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც ფრენების დროს მესამე ქვეყნებს იყენებენ, რაც ბევრ პრობლემასთან და პირველ რიგში, ხარჯებთან არის დაკავშირებული და როგორ შეაფასებს პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რასაც ხელისუფლება ჰუმანიტარულ ჭრილში განიხილავს, ხათუნა სამნიძემ განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ტერორისტად არის გამოცხადებული და პუტინი ტრიბუნალს ელოდება, „ქართულ ოცნებაში“ ვინმე პუტინს თუ ჰუმანურს უწოდებს, ძალიან საშიშია.
„ეს კიდევ ერთი რუსული პროპაგანდაა. არ ვიცი, თუ „ქართული ოცნება“ ახლა უცებ თვლის, რომ პუტინი ჰუმანისტია და ჰუმანური მიზნებიდან მიიღო ეს გადაწყვეტილება, ძალიან მეცინება. მე მგონი, სიცილის დროც არ არის. ძალიან სახიფათოა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ჰუმანურ გადაწყვეტილებად აფასებს პუტინის ერთ-ერთი ინსტრუმენტის გამოყენებას და რბილი ძალის გამოყენებას ამ ქვეყანაში. პუტინს არ აქვს ჰუმანისტური მიზნები და პუტინს არ აქვს ჰუმანური აზროვნება; პუტინმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინაში, მთელ ევროპაში გაჩაღებულია დღეს ომი და იხოცება ათი და ასი ათასობით ადამიანი, ნადგურდება ქვეყანა მთლიანად და ასეთ ვითარებაში მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით, ჩვენ გვერდით და ყველა იმ ქვეყნის გვერდით, რომელიც ევროპისკენ, ანუ ადამიანის თავისუფლებისკენ ისწრაფვის. რუსეთი ტერორისტად არის გამოცხადებული და ვლადიმერ პუტინი ტრიბუნალს ელოდება. ასეთ ვითარებაში თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმე პუტინს ჰუმანურს ეძახის, თუ ამას ეძახის ჰუმანურს, ეს არის ძალიან, ძალიან საშიში. არ ვიცი, ეს რით ავხსნა და ჩვენი მოქალაქეები, ვინც იყვნენ, აქამდეც დადიოდნენ, მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ და ახლა, პუტინს მადლობას ნუ ვეტყვით ამისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდა. თან, დიდი თანხები ეხარჯებოდათო და რა ვიცი, ბილეთებს გადახედეთ, არ მგონია, რომ იაფი იყოს, რასაც სთავაზობენ დღეს მოქალაქეებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა პირდაპირი ფრენები იქნება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.