სრულად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის ამ გზავნილს. ვეტო ზუსტად არის გზავნილი საერთაშორისო სამყაროსადმი, რომ ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს იზიარებს, არ არის იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც “ქართული ოცნება” და მისი განშტოებაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის ვეტოს დაადებს იმ კანონპროექტს, რომელიც მასთან ხელმოსაწერად გაიგზავნება, თუ “ქართული ოცნება” მოიღებს ამ კანონპროექტს და როგორც ჩანს, ამას აპირებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეგვიძლია ყველამ, ეს იქნება ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები, სათემო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, ეს კანონპროექტი არ იქნეს მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, ეს იქნება ნამდვილად სიძულვილი საქართველოს იმ მოქალაქეების, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, რუსული კონცეპტუალური მოდელის გადმოტანა საქართველოში. ამიტომ, სრულად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის ამ გზავნილს. ვეტო ზუსტად არის გზავნილი საერთაშორისო სამყაროსადმი, რომ ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს იზიარებს, არ არის იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც “ქართული ოცნება” და მისი განშტოებაა", - განაცხადა დეკანოიძემ.