უკრაინა იქნება თავისუფალი ქვეყანა საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბელორუსთან ერთად და ეს შედეგი უახლოეს პერიოდში დადგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა გადაიქცა ყველას შთაგონების წყაროდ, გააერთიანა მსოფლიო და ყველას დაანახა, რომ იბრძვის არა მხოლოდ თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის.
„უკრაინა ყველას შთაგონების წყაროდ გადაიქცა, გააერთიანა მსოფლიო და ყველას დაანახა, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ იბრძვიან ევროპის უსაფრთხოებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არ სურს უკან – რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში. ეს არის ადამიანებისთვის უდიდესი რწმენის დაბრუნება, რადგან უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და პუტინის პოლიტიკური საფლავი აუცილებლად იქნება უკრაინაში. ეს არის ის, რაც მე მჯერა, რისიც მწამს და რაც უკრაიანამ მთელს მსოფლიოს დაანახა. უკრაინა იქნება თავისუფალი ქვეყანა საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბელორუსთან ერთად და ეს შედეგი უახლოეს პერიოდში დადგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძის თქმით, რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ ახალი დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინაში ძალიან მალე ჩავა, სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას გარდატეხას მოახდენს.
„ეს არის იმის დასტური, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა და ევროკავშირმა თქვეს – იქნებიან უკრაინასთან იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ძალიან მალე გაიმარჯვებს“, –განაცხადა ხატია დეკანოიძემ.