საქართველოსა და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ და სჭირდებათ ერთიანობა, ვიმედოვნებ, დიპლომატიური დისკუსიებითა და კერძო საუბრებით შეძლებენ, გადალახონ ეს ვითარება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„ცხადია, ძალიან დაძაბული დროა. რუსეთი ახორციელებს უზარმაზარ ზეწოლას უკრაინასა და საქართველოზე. რაც თავიდანვე ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ გაერთიანდნენ. მათ საერთო მტერი ჰყავთ და სჭირდებათ ერთიანობა. ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური დისკუსიებით და კერძო საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, გადალახონ ეს ვითარება“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.