თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის ადრესატი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ფონდის შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
„ეს ახალი არ არის. უკვე დიდი ხანია ვიცით, რა დამოკიდებულებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია, რაც დღეს არ დაწყებულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ ტყუილს და სიბინძურეს. აქვთ მცდელობა, რომ როგორმე შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, ტალახი ესროლონ ამ ადამიანს. ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რამდენი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული, მილიარდობით დოლარი აქვთ დახარჯული მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს პროექტზე. როდესაც ხარ წარმატებული და ასეთ უმნიშვნელოვანეს საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებ, რა თქმა უნდა, არის შემოტევები, რომ როგორ დაგაზიანონ, როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა არავის არაფერი გამოუვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
"რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ განცხადებაშია ნათქვამი.