თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან იმართებოდა, რასაც გუშინ გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს, რომლის თანახმად, რუსმა „პრანკერებმა“ ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ყოფილ ომბუდსმენს უჩა ნანუაშვილს დაურეკეს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრნენ.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი, რომ ის პროცესები, რაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, ყველაფერი გარედან და უცხოეთიდან იმართებოდა. თანხები, რომელიც შემოედინებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, დეკლარირების გარეშე, ე.წ. შავი ფული, რა თქმა უნდა,
მიემართებოდა პოლიტიკაში, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს.
გუშინდელი ვიდეოჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში, პირდაპირ ასრულებენ გარედან ბრძანებებს, დავალებებს. მათ არც სამშობლო გააჩნიათ, არც საკუთარი ოჯახი. ისინი პირდაპირ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ და იმართებიან გარედან“, - განაცხადა კახა კალაძემ.