დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
თბილისის მერმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება.
„მსურს, მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არამხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია. ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია.
დღეს, ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი, მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი. ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ომი და სისხლის ღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა და ხალხის სურვილის გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.
„ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის, თანასწორობის პრინციპებით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითიც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად.
საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება, გახდება საკუთარი მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, მშვიდობიან, ერთიან, სუვერენულ და ძლიერ ევროპულ ოჯახში ერთად გვეზეიმოს ევროპის დღე“, - განაცხადა კახა კალაძემ.