„როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან მისი ლიდერები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც „პოლიტიკური აქტიურობისა და ერთიანობის კომიტეტის“ შექმნას გულისხმობს.
„ვერ გეტყვით, გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას ემსახურება ეს განცხადება. როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები. ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე და გასარჩევი. ჩვენ გვაქვს საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება. მთელი ძალისხმევა და ყურადღება ამისკენ გვაქვს მიმართული, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, კონკრეტული საქმეებით და გადადგმული ნაბიჯებით, ღირსეული პასუხი გაეცეს იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დღეს მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი ჩამოშლილია.
„გამიჭირდება შეფასება გავაკეთო და გავარჩიო „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებები, თუ ვის რა ინტერესი აქვს, ვინ რისთვის იბრძვის. ერთი რამ ცხადია, რომ გუნდი არ არსებობს, ჩამოშლილი და დაშლილია. ხაბეიშვილი რომ გეყოლება პარტიის თავმჯდომარედ, ყველაფერი ნათელია. არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვის რა თანამდებობა ექნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს მათი პარტიული გასარჩევია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.