საქართველოს ხელისუფლება მზად არის რომ მოხდეს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები. მაგრამ ზემოდან ვიღაცამ რაღაც ბრძანებები, მითითებები მოგვცეს... ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ამ დამოუკიდებლობისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და სისხლი დაღვარეს და რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველაფრის ფასად შევინარჩუნებთ ქვეყნის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

„აშშ-ს ჰყავს ახალი ადმინისტრაცია, ახალი პრეზიდენტი, რომელიც ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი პრეზიდენტი მოახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას. რა თქმა უნდა, როგორც კი ამას შეძლებს, ეს საქართველოზეც აისახება. ვის მოსწონს ის ურთიერთობები, რაც დღეს ამერიკა საქართველოს შორის არსებობს? - წარმოუდგენელია. პირდაპირ გამოდის ახალი ადმინისტრაცია და ამბობს, რომ სანქციები არ არის გამოსავალი და რუსებთან მიმართებითაც კი საუბრობენ იმაზე, რომ სანქციები უნდა გაუქმდეს, ომი უნდა დასრულდეს და ურთიერთობები უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე, ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს ურთიერთობები. რა თქმა უნდა, არც ჩვენ არ მოგვწონს და არ არის სასიამოვნო ის ურთიერთობები, რაც აშშ-სთან გვაქვს და არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ მოხდეს აღნიშნული ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები, მაგრამ ზემოდან ვიღაცამ რაღაც ბრძანებები, მითითებები მოგვცეს... ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ამ დამოუკიდებლობისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და სისხლი დაღვარეს, და რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველაფრის ფასად შევინარჩუნებთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და გავაძლიერებთ ქვეყნის სუვერენიტეტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.