2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
11 წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად.
„ქართული ოცნების“ პრინციპები უცვლელია - ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, განვითარება, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვა. სწორედ ამ ღირებულებებით მივისწრაფვით და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე.
ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ერთგულია ჩვენი პარტიის პრინციპების." - წერს კახა კალაძე.