ვინმე თუ გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, რომლის თანახმად, ოპოზიციის მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში ხმების დაცვისა და რევოლუციური სცენარის შესახებ წერენ. კითხვაზე, რამდენად ელოდება მმართველი გუნდი არეულობის მცდელობას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალება.
„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალება და რევოლუცია. როდესაც აწყობ გადატრიალებას, უნდა გქონდეს საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა. დღეს ოპოზიცია, ეს რადიკალური დაჯგუფება, არის დამარცხებული. თუკი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.