თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და არანაირი სხვა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.

ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნებში, გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვს.

„ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს გამარჯვების, არც საკრებულოების დონეზე და არც მერების არჩევნებში. ნულის ტოლია მათი შანსები და ეს ძალიან კარგად იციან, იმიტომ, რომ როდესაც ხარ ქვეყნის მტერი, აგენტი, რა თქმა უნდა, ვერანაირი შესაძლებლობა ვერ გექნება პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ისე თვითმმართველობის დონეზე, ყველა მოღალატეს და აგენტურის წარმომადგენელს შესაბამის პასუხს გასცემს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს, კახა კალაძე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებებს მიიღებენ ისინი ქვეყნის გარედან.

„ეს დამოკიდებულია გარედან, რას ეტყვიან თავიანთი პატრონები მათ. დაიმახსოვრეთ ამ ადამიანების განცხადებები - თუ შეიცვლება მათი პატრონების მიდგომა და ჩათვლიან საჭიროდ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გამოვლენ და იტყვიან საპირისპიროს, რომ მონაწილეობენ არჩევნებში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.