პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გულწრფელი მადლობა უნდა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისა და ნდობისთვის. მინდა, იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად გავლილი ეს წლები, დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში თქვენი ჩართულობა, ყოველი შეხვედრა, ყოველი გზავნილი სოციალური ქსელით, თქვენი მოსაზრებების გაზიარება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ამ მადლიერებას ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ანგარიშვალდებულებით, ღიაობით, სამომავლო ნაბიჯების გაცნობით. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენს წინაშე, ვიყოთ გულწრფელები და ვისაუბროთ არა მხოლოდ გაკეთებულ საქმეებზე, არამედ სამომავლო გეგმებზე, არსებულ გამოწვევებზე, რომელთა გადასაჭრელად გვაქვს კონკრეტული ხედვა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, ყველაფერს, მათ შორის კულტურას, სჭირდება მხარდაჭერა, წახალისება, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტი კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, განკუთვნილია ჩვენი მომავალი თაობისთვის - ახალგაზრდებისთვის, მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, მათი განათლების უზრუნველყოფისთვის, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობისთვის. ძალიან მეამაყება, რომ დღეს ჩვენს ქალაქში ახალგაზრდებისთვის არაერთი სივრცეა, სადაც თავიანთ ნიჭს, შესაძლებლობებს გამოავლენენ და განავითარებენ, ეზიარებიან ხელოვნებას, დაკავდებიან სპორტით, იცხოვრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

მინდა, მივმართო ახალგაზრდებს: თქვენ, რასაკვირველია, ხართ ჩვენი მომავალი, მაგრამ ასევე ხართ აწმყოს აქტიური მონაწილეები. თქვენი ხედვა, იდეები, თქვენი ჩართულობა პროცესებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალაქისა და ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენი კარი ღიაა, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი. თბილისი ის ქალაქია, სადაც ბუმბერაზი ხელოვანები ქმნიდნენ საქართველოს კულტურის საგანძურს. ასეა დღესაც - თბილისი კვლავაც ხელოვნებისა და კულტურის უდიდესი კერაა. შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ამ ქალაქს არასდროს აკლდა, თანამედროვე ფორმებით წარმოჩინდა. ყველაფერს, მათ შორის კულტურას, სჭირდება მხარდაჭერა, წახალისება, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტი კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.