ბიძინა ივანიშვილი რომ ნაკრებს ფულად ჯილდოს გადასცემს, როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს ან დაიბოღმოს?, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, სპორტსმენების დაფასება, მათ შორის ფინანსური ჯილდოს სახით, ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერმა ამისთვის ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე, ამ გადაწყვეტილებაზე?! ჩვენი სპორტსმენების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მას, მის ოჯახს, ფონდ „ქართუს“. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. შემდეგი შეხვედრა გვაქვს ესპანეთთან და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ნაკრები მიიღებს 30 მილიონ ლარს ჯილდოს სახით, რაც მისასალმებელია.
როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს ან დაიბოღმოს?! ბრიყვები არიან. ტყუილად კი არ უთხრა ჩვენმა მაგარმა მწვრთნელმა, ბრიყვები ხართო. შესაბამისად, ისინი ქვეყნის მტრები არიან. მათ არც ნაკრების წარმატება უხარიათ. გახსოვთ, ჩვენი ნაკრები მაკედონიასთან როცა დამარცხდა, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა სტატუსებს წერდნენ. თუმცა, მათ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ფეხბურთელ ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა.
„რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას, ფეხბურთელისთვის, როდესაც ამხელა დონეზე თამაშობ, რა თქმა უნდა, ფინანსურ მხარეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებს თუ ფულს არ გადაუხდიან, არ მოიგებენ თამაშს?! - ზუსტად ეს თქვა ლუკა ლოჩოშვილმა, მაგრამ ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტაცია, პოლიტიკურად გამოყენება მოხდა. ჯილდოს გარშემო მსგავსი საუბრები, არის ბრიყვობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადალახვისთვის 30 მილიონ ლარს გადასცემს, ხოლო, მერვედფინალში გამარჯვების შემთხვევაში - დამატებით 30 მილიონ ლარს.