თბილისის მერმა მედიის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა უცხო ძალების მიერ საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩარევის მცდელობებზე.
კახა კალაძის განმარტებით, ევროკავშირის ელჩის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით პირდაპირ პოლიტიკაში ჩარევაა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„რამდენიმე დღის წინ ვნახეთ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობები. კატეგორიულად მიუღებელია თუნდაც ევროკავშირის ელჩის ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ. ეს არის პირდაპირ მცდელობა საარჩევნო კამპანიაში ჩარევის. ასევე, ზოგიერთი ტელევიზიის გადაწყვეტილებები ზოგიერთი კლიპის არგაშვებასთან დაკავშირებით, ფუნდამენტად მოჰყავთ, რაზე დაყრდნობითაც იღებენ ამ გადაწყვეტილებას - ის, რომ ეს ევროკავშირის ელჩს არ მოსწონს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ევროკავშირის ელჩი წარმოადგენს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირშია გაწევრიანებული, შესაბამისად ჩვენ იმ ქვეყნებს, მათ საგარეო საქმეთა სამინისტროებს უნდა დავუგზავნოთ შესაბამისი წერილი, ვუთხრათ, რა ხდება რეალურად, როგორი მცდელობაა, ამ ქვეყნების სახელით ჩაერიონ საქართველოში პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, არ არსებობს არცერთი რეალური მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა შეიძლება საქართველოს სავიზო შეზღუდვა დაუწესოს.
„რატომ უნდა დააწესოს ევროკავშირმა სავიზო შეზღუდვა, ხელჩასაჭიდი ხომ უნდა იყოს რაიმე?! საქართველოს მთავრობას უნდა გადაედგა ისეთი ნაბიჯი, რაც დამანგრეველი, დამაზიანებელი იქნებოდა ან ასცდა ევროპულ კურსს. რეალობაში მსგავსი არაფერი არსებობს. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, მისი აუცილებლობაც არ დადგებოდა დღის წესრიგში, რომ არა ის დაფინანსებები, რაც პირდაპირ ხელს უწყობდა რევოლუციურ სცენარს, ექსტრემიზმს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაპირისპირებას. გამოდიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. რომ არა ეს პროცესები, ამ კანონის აუცილებლობა არ დადგებოდა დღის წესრიგში. თუ შეიცვლება მიდგომები, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება მომავალში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.