დედაქალაქის მერის განცხადებით, ეუთოს გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტი საქართველოში მისასალმებელია. 

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ოფიციალური ვიზიტი, ხოლო ოპოზიციის დამოკიდებულება ზოგადად ეუთოსთან მიმართებით საინტერესო არ არის.

„ის ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული და ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს. საკანონმდებლო ორგანოშიც გაიმართება შეხვედრები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ამ ტიპის ვიზიტები.ზოგადად ეუთოსთან მიმართებით ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ეს არსებითად საინტერესო არ არის. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები, რომლებიც მოღალატეობრივი ქმედებებით, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებით და უცხო ქვეყნიდან კარნახით არიან დაკავებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.