ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქცია რადიკალიზმის ნაწილია, თუმცა რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქში მიმდინარე აქციას თბილისის მერი კახა კალაძე.

„აქციებს რაც შეეხება, იმ ფორმით, როგორითაც ვხედავთ, ეს არის რადიკალური ქმედებები რადიკალების მხრიდან. ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, მოსახლეობის უმრავლესობამ მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი და გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე.

ისინი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ ამ ადამიანებს, ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ისინი გამარჯვებულები იყვნენ, შემდეგ, არჩევნების დღეს, ყალბი ეგზიტპოლები აჩვენეს, იზეიმეს კიდეც და შემდეგ უკვე დაიწყეს ცრუ კამპანია, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ისიც, რასაც ვხედავთ ჭავჭავაძის გამზირზე, არის რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით კონკრეტული განცხადებების სახით, თუმცა, რადიკალიზმის დრო დამთავრებულია ქვეყანაში,  ყოველთვის იქნება დამარცხებული რადიკალიზმიც და ბოროტებაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ განხორციელებულ აქტს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რაიმე გამოხმაურება ექნება.

„ჩვენ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ის, რასაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების სახით, რა თქმა უნდა, მოდის გარედან. მათი პატრონები რასაც ეუბნებიან, ეს უსამშობლო, მოღალატე აგენტურა აკეთებს ყველაფერს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ კალანდარიშვილთან მიმართებაში იმ ამაზრზენ ქმედებას ვინმე გამოეხმაურება ან დაგმობს. ეს ჩვეულებრივი დავალებებია, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნულები ასრულებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.