"კანონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
„ჩვენც შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სიცრუის კამპანია მიმდინარეობს. შემიძლია პირდაპირ პარალელები გავავლო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე, თუ რა სიცრუის კამპანია იყო ქვეყნის წინააღმდეგ. დღესაც იგივე ხდება კანონთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებსა და მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მმართველი პარტია ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რაც შეეხება პრეზიდენტს, ის არა ქვეყნის, არამედ სხვის ინტერესებს ატარებს.
„ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც კონსტიტუციაში შეიტანა ქვეყნის ევროპული მომავალი; ვინც 2012 წლის შემდეგ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებს; ვინც ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია აამოქმედა; ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო და ა.შ. დამერწმუნეთ, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭირო იქნება. ამ მიმართულებით უკვე არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით და ყველა წარმატება სწორედ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება.
რაც შეეხება პრეზიდენტს, ბოლო წლებში აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იღებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, არ დგამს საჭირო ნაბიჯებს. იკვეთება, რომ სხვის ინტერესებს ატარებს და არა ქვეყნისას. შესაბამისად, ხალხი ყველას პასუხს გასცემს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.