საზოგადოებამ იხილა რამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას. ასეულობით ათასობით ადამიანი გამოვიდა იმის სათქმელად, რომ ქვეყანას სურს მშვიდობა. ხალხს სურს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით უნდა ჩვენი ევროპული მომავალი და არა ისე რასაც გვიმტკიცებენ ჩვენი ე.წ. მეგობრები და ეს წვრილფეხა რადიკალები ქვეყნის შიგნით. უამრავი ადამიანი იყო გამოსული, მინდა ყველას გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“, „ქართული ოცნების “ შემაჯამებელ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ლიდერები მოქალაქეებს ხვდებოდნენ საქართველოს მასშტაბით და აცნობდნენ სამოქმედო გეგმას. კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

„დარწმუნებული ვარ მოსახლეობის უმეტესობა, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე გააკეთებს სწორედ არჩევანს. არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია დღევანდელ მოცემულობაში, კარგად ვხედავთ ერთ მხარეს რა დაჯგუფებები დგანან, პირდაპირ შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეს არის მოღალატე აგენტურა, რადიკალები, ამაზე ბოროტი ძალა მე ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა კახა კალაძემ.