„ჰამასი“ და ვლადიმერ პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ორივეს სურთ, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისა და ისრაელის წარმატება მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც.
„ბუნებრივია, ჩნდება კითხვა და ნება მომეცით, გითხრათ, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის. ისრაელისა და უკრაინის წარმატების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ თუ არ შევაჩერებთ პუტინის მადას ძალაუფლებისა და უკრაინის კონტროლისადმი, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით“, – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.
როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, პუტინი თუ თავს დაესხმება ნატო-ს მოკავშირეს, ამერიკა დაიცავს ნატო-ს ყველა სანტიმეტრს, რასაც ხელშეკრულება მოითხოვს და მოუწოდებს.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტსაც და კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი პალესტინელი ხალხის ღირსებებს.
„ჰამასის“ არსებობის მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ებრაელი ხალხის მოკვლა. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. „ჰამასი“ იყენებს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად“, – დასძინა ბაიდენმა.