იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა).
როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ცვლილებების თანახმად, თუკი პირი საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვა, სადაც მას საფრთხე ემუქრებოდა და დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში, ამასთან, წარადგენს სათანადო განმარტებას საქართველოში უკანონო შემოსვლის შესახებ და მას საერთაშორისო დაცვის სტატუსი მიენიჭება, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მას სხვა დანაშაული არ ექნება ჩადენილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილება ემსახურება ქვეყანაში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ეფექტიანი კონტროლის ქონას, რაც ასევე საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.