საზოგადოების უმრავლესობისთვის სულერთია, კეზერაშვილი თავისი ნაძარცვი, კრიმინალური ფულით ვის დააფინანსებს, მოპარული ფული მაინც არ შერჩებათ, ადრე თუ გვიან ყველა აგებს პასუხს მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას ოპოზიციის დაფინანსების საკითხზე და ამ კუთხით კეზერაშვილის როლზე.
"მისტერ ოფშორი, კრიმინალი, რომელმაც ჩვენი თავდაცვის ბიჭები გაძარცვა, ომი გაძარცვა და იარაღი გაყიდა, ახლა ევროპელებს ძარცვავს და ის ფული სადღაც ხომ უნდა დააბანდოს. ხან „ნაცმოძრაობის“ ერთი პლეადის, თაობის წარმომადგენლები მიიღო, ახლა ახალგაზრდები დაიბარა. ამბობს, მე ვიხდი, მე ვუკვეთავ, ანუ კეზერაშვილის დაკვეთით არიან აქეთ, ეს ჯიგარი ბელადი რომ არის.
სახელიც შეიცვალეს და ცდილობენ, ახალგაზრდებიც მოწამლონ, დაიბარეს ერთი, მეორე, მესამე არასამთავრობო ორგანიზაცია. ხომ ნახეთ, როგორ მიდიან ერთად, რომ ჰკითხოთ, დასასვენებლად მიდიან – მაინცდამაინც იქ მიდიან, სადაც კეზერაშვილის რეზიდენციაა. ვის ატყუებენ, საკუთარ თავს ატყუებენ, თორემ ჩვენთვის სულერთია, გინდა შეხვდნენ, გინდა – არა, მათი სახელი „ნაცია“ და მათი ადგილი არის პოლიტიკურ სანაგვეზე. ასე არის 2012 წლიდან და ასე იქნება მომავალშიც. ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ იქნება ოპოზიციაში პირველი, მეორე, მესამე თუ მეხუთე ადგილას. შალვაც არ დაგავიწყდეთ, მასაც ამბიცია და პრეტენზია აქვს. ჩვენთვის, დანარჩენი უმრავლესობისთვის, საზოგადოების უმრავლესობისთვის სულერთია, კეზერაშვილი თავისი ნაძარცვი, კრიმინალური ფულით ვის დააფინანსებს. ეტყობა, ერთმანეთთან ქიშპობა ჰქონდათ, ვიღაცამ ფული მოუტეხა ერთმანეთს და გავლენებისთვის დღემდე არის ბრძოლა. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან ეს მოპარული ფული მაინც არ შერჩებათ და ადრე თუ გვიან ყველა აგებს პასუხს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ოპოზიციის ერთიანობის საკითხზე საუბრისას ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ოპოზიცია ტრადიციულად ფინანსდება რადიკალებისგან, კრიმინალებისგან, ეს ახალი არ არის
„ოპოზიცია ტრადიციულად ფინანსდება რადიკალებისგან, კრიმინალებისგან, ეს ახალი არ არის. კეზერაშვილი ერთ-ერთი საპატიო წევრია მწვალებელთა პარტიის, სახელი რომ გადაირქვა. ესირცხვილებათ და დაირქვეს „ერთიანობა“. რა უცნაურია, ერთიანობა დაირქვეს და ერთი ძმა ერთ პარტიაშია, მეორე – მეორეში. მაგარი ერთიანები არიან. შიგნითაც კი არ არიან ერთიანები და სხვებს მოუწოდებენ, გავერთიანდეთო. შენი ძმა სხვა პარტიაშია და რანაირად უნდა გაერთიანდეთ? ეს არის მათი მიდგომა“.