გორდონი იმ ბაბლის ნაწილია, სადაც არიან პოროშენკოები, სააკაშვილები და სწორედ მასთან დისკუსიაში ითქვა, რომ სააკაშვილი იყო უკრაინული სპეცსამსახურის დაკვირვების ქვეშ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს კაგებეს ქოლგის ქვეშ მუშაობდა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნათელია, სააკაშვილი ვის ინტერესებს ემსახურებოდა“.
„რაც მათ ჩაიდინეს, როცა ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტებიც რუსეთს გადააბარეს და 2008 წლის ომი ქართველ ბიჭებს დააბრალეს, მეტი ლუსტრაცია რა გინდათ? ვინც ამ თემას ხელმძღვანელობა, ამას უკრაინელი გენერალი თავად ამბობს. გორდონი იმ ბაბლის ნაწილია, სადაც არიან პოროშენკოები, სააკაშვილები და სწორედ მასთან დისკუსიაში ითქვა, რომ სააკაშვილი იყო უკრაინული სპეცსამსახურის დაკვირვების ქვეშ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს კაგებეს ქოლგის ქვეშ მუშაობდა. გიული ალასანიას ჩანაწერი გაიხსენეთ, სადაც იკითხა, რუსეთს რა პოზიცია ექნება, როცა სააკაშვილი საქართველოში ბრუნდებაო. ნათელია, სააკაშვილი ვის ინტერესებს ემსახურებოდა. გორდონი „ნაცებს“ მხარს უჭერს და ეს ყველაფერი მასთან ითქვა. 2003 წლიდან რაც სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის გააკეთა, არც ერთ სახელმწიფო მმართველს არ გაუკეთებია, მათ შორის არც შევარდნაძეს. ნავთობსადენი ჩადო და ნატო-ს წევრობაზე განაცხადი გააკეთა. მის მიმართ პრეტენზია ადამიანის უფლებებზე და კორუფციაზე გვქონდა და სააკაშვილმა ამ ყველაფერს ის დაამატა, რომ რუსეთს ჯერ ბაზები გააყვანინა, შემდეგ უკან შემოატრიალებინა, 20 პროცენტი გადაულოცა ისე, რომ არც ერთ სახელმწიფოს ამისთვის რუსეთისთვის სანქცია არ დაუწესებია. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ? – გუშინ დესერტად დაამატეს, რომ სააკაშვილი კაგებესთვის გაზარდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მიხეილ სააკაშვილი (საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი) და პეტრო პოროშენკო (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი) და სხვები განიხილებოდნენ, როგორც დაზვერვის მომავალი შესაძლო თანამშრომლები, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომელშიც შედიოდა კგბ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი უკრაინის უშიშროების სამსახური - ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა ნიკოლაი მალომუჟმა ტოქშოუში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ განაცხადა.