პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის დონალდ ტრამპისადმი წერილის შინაარსი და სულისკვეთებაა, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის დამოკიდებულება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს.
მისი თქმით, ნათელი უნდა გახდეს, როგორია კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა საქართველოს მიმართ. ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ საქართველოს სურს აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და ამის კონკრეტულ შედეგებში გადატანა.
„საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლა სწორედ აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან მიიღო, ომში ჩართვის მოწოდებებით დაწყებული, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციით, ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებით დამთავრებული. ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრამპის გამარჯვების შემდეგ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი შეაჩერა, რაც მიუთითებს, რომ ეს ურთიერთობა დაზიანებისთვის იყო განწირული. ვითხოვთ, ნათელი მოეფინოს, როგორია ხედვა კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ. მათი მხრიდან რაიმე ზეწოლა საქართველოზე არ ხორციელდება, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა – სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და ამის კონკრეტულ შედეგებში გადატანა.
საგარეო ურთიერთობებში ტრამპის გაცხადებულ პოლიტიკას ორი ფაქტორი აქვს – სავაჭრო ბალანსის აშშ-ის სასარგებლოდ შემოტრიალება, რაც ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან სატარიფო ე.წ. მკაცრი პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. ბუნებრივია, აქ საქართველო არ მოიაზრება, რადგან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და სავაჭრო ბალანსი მიზერულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ მინიმალური ტარიფის ზონაში ვართ დარჩენილი. მეორე, რაც ადმინისტრაციისთვის და პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, სწორედ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაა, რაც, პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე ომს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კონფლიქტების, თუ ომების მოგვარების საკითხს ეხება. ამ კუთხით არის მისი ძირითადი ძალისხმევა გადატანილი. ამ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსადმი პირდაპირი ინტერესი არ იდგა. ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ აქსელერაციას. ჩვენი მოწოდება მიმართულია იმისკენ, რომ შესაბამისი ყურადღება და საქმიანი დამოკიდებულება იყოს გამოხატული საქართველოს მიმართ. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, განცხადებები და საქართველოს პოლიტიკა და განცხადებები ფუნდამენტურ საკითხებში, ფაქტობრივად, იდენტურია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა.