ოპოზიციასთან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე არანაირ ვაჭრობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტისგან გამოსული პოლიტიკოსები ჰყვებიან, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ იქ სიმშვიდე ნაკლებად იყო, აქტიური პოზიციების შეჯერება იყო. შეიძლება, შანტაჟის ელემენტებსაც ჰქონდა ადგილი და ასეთი განცხადებები ღია სივრცეში მედიაშიც ვნახეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოს კონსტიტუცია იყოს დაცული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდეს კონსტიტუციის ფარგლებში. ამ საკითხზე ნათელის მოფენის ერთადერთი სამართლებრივი გზა სასამართლოს ვერდიქტია, რომელიც მხოლოდ იმპიჩმენტის აღძვრით არის შესაძლებელი და ამ პროცესს მოვყვებით. ოპოზიციასთან იმპიჩმენტის საკითხზე არანაირ ვაჭრობას არ ვაპირებთ. ჩვენთვის მთავარია, რა არის საქართველოს კონსტიტუცია და ის, რომ კონსტიტუციის დარღვევა მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.