საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის მოწვევის გაუქმება შეურაცხმყოფელია როგორც საქართველოსთვის, ისე - ამერიკელი ხალხისთვისაც.
„ეს ურთიერთობა ახლა იმყოფება წინასაარჩევნო პერიოდში. საქართველოში, რეალურად, საარჩევნო კამპანიას ატარებს, ერთი მხრივ, "ქართული ოცნება" და, მეორეს მხრივ, - დასავლეთი. დღეს ეს რეალობაა და ეს ნაბიჯიც არის ამ წინასაარჩევნო კამპანიის ერთი ნაწილი - წინა დღეს გიგზავნიან მოსაწვევს, რომ მეორე დღეს გაგიუქმონ, რომ მთელი დღე საინფორმაციო მიზეზი შეიქმნას ოპოზიციისათვის, მათი "ენჯეოებისათვის" და ამის გარშემო იყოს დიდი ვნებათაღელვა ატეხილი.
ეს არის არა მარტო ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, არამედ დიდი ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფაც არის, რადგან ასეთ დონეზე დასვლა, ელემენტარულად, შეურაცხმყოფელია. აქ არ არის საუბარი, რომ მთავრობას ეკუთვნის ასეთი ნაბიჯი და მოქცევა თუ არ ეკუთვნის, არ ეკუთვნის არც სახელმწიფოს და არც ხალხს. აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ ეს არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი და მსგავს განცხადებებს, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვუყურებთ," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.