რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის დაკვეთაა თურმე მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა, წინსვლა, ვაჭრობა, ასევე რუსეთიდან ფრენები, რითაც, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამემამულეები სარგებლობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას: „რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, ვაჭრობასაც ვაპირებთ და ყველაფერს“.
"ამბობენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის შეკვეთააო და ივიწყებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში იყო აგრესია და ზეწოლა ხელისუფლებაზე, თუ ოპოზიციის მხრიდან და თუ გარედან, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოგვეღო ყველა მიმართულებით, რაც არა მხოლოდ ეკონომიკური ვითარების მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევდა, არამედ სერიოზულ პოლიტიკურ და სამხედრო კონფრონტაციას გამოიწვევდა რუსეთის წინააღმდეგ.
მათი შეცვლილი რიტორიკა გამოწვეულია იმით, რომ არჩევნები ახლოვდება და ამომრჩეველთან გზავნილებით უნდა გახვიდე და არა იმ დესტრუქციული მოწოდებებით, რითაც გამოდიოდნენ. ეს არის ფარისევლური ცვლილება პოზიციის. ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლებამ მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებისას სწორი და გონიერი პოლიტიკა გაატარა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.