კარგი იქნება, თუ მედვედევის პროვოკაციას ძალიან მშვიდად შევხვდებით და გავაგრძელებთ პოლიტიკურ კურსს, რომელიც რუსეთის ფედერაციას ამ პროვოკაციების განხორციელების საშუალებას არ აძლევს - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ნებისმიერი სახის მუქარა და შანტაჟი მიუღებელია.
„ეს არის მუქარა და შანტაჟი. ჩვენთვის ნებისმიერი სახის მუქარა, შანტაჟი მიუღებელია და აფხაზეთთან, ასევე ცხინვალთან მიმართებით ჩვენს პოლიტიკას გავაგრძელებთ. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ინტეგრაციისა და მშვიდობიანი დაახლოების გზით გაგრძელდება საქართველოს პოლიტიკა ამ ორ რეგიონთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არჩევანს, ეს არჩევანი საქართველოს დიდი ხანია, გაკეთებული აქვს და ჩვენ ამ არჩევანის ერთგული ვართ. კიდევ ერთხელ ვხედავთ, რა მძიმე მემკვიდრეობა აქვს საქართველოს ოკუპაციიდან გამომდინარე. მედვედევის განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ერთადერთი სწორი გზაა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს, ქვეყანას მაქსიმალურად ააცილოს ასეთი ტიპის პროვოკაციები და შანტაჟი.
საქართველოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯია ის პოლიტიკა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ვატარებთ და რუსეთის ფედერაციას არ ვაძლევთ საშუალებას, ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს და რეალობად აქციოს. ეს არის კონკრეტული შედეგი და შანტაჟის ენით გამოთქმულ საფრთხეებს საქართველოს შემდგომშიც ავაცილებთ. კარგი იქნება, თუ მედვედევის პროვოკაციას ძალიან მშვიდად შევხვდებით და გავაგრძელებთ პოლიტიკურ კურსს, რომელიც რუსეთის ფედერაციას ამ პროვოკაციების განხორციელების საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის: რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია, ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს“.