„სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) უნდა თუ არა, იძულებულია, აღიაროს, რომ საპარლამენტო არჩევნები ისე ჩატარდა, რომ არანაირ ფალსიფიკაციას და გაყალბებას ადგილი არ ჰქონდა, ამომრჩევლის ნება კი ზუსტად და სრულად იყო ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ „ედისონ რისერჩმა“ გაყალბებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, ISFED-ი იძულებულია, თქვას, რომ მისი დათვლის შედეგები ცესკო-ს შედეგებს ემთხვევა.
„თითიდან გამოწოვილი შენიშვნები და საყვედურები მოვისმინეთ. ISFED-ი განცხადებით შემოიფარგლა, რომ მათი და ცესკო-ს შედეგები ერთმანეთს ემთხვევა. ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იყო. 2020 წლის არჩევნები ტრადიციული სისტემით რომ ჩატარდა, იქაც კი ვერ მოიტანეს ვერანაირი მტკიცებულება გაყალბებასთან დაკავშირებით. ილუზია ჰქონდათ, რომ არჩევნებში იმარჯვებდნენ და ეს გამარჯვება დამაჯერებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მწარედ დამარცხდნენ, ის, რასაც გუშინ ამტკიცებდნენ, უკვე შეცვალეს. დამარცხების აღიარება უჭირთ და ყველანაირ ტყუილზე მიდიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.