ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტს აქვს პოლიტიკური გეგმები, საუბარია არჩევნებში ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში მის კანდიდატად მონაწილეობაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, რელურად, ეს, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საერთო შედეგზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგზე.
„ის ცდილობდა, რაღაცნაირად საკუთარ თავზე მიეწერა ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში მწიფდება, თუმცა იმპიჩმენტის პროცესმა მას გეგმა ჩაუშალა. ახლა რაღაცნაირად კიდევ ცდილობს, რომ შემოაბრუნოს ეს პროცესი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული.
ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები. როგორ წარიმართება ეს პროცესები, ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ სერიოზულად განიხილება მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია კანდიდატად ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში არჩევნებში მონაწილეობაზე. რელურად, ეს, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საერთო შედეგზე, ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაც მეტი 2-3-პროცენტიანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.