პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტი შესრულდება და „ქართული ოცნება“ წარადგენს დეტალურ გეგმას, როგორ ხედავს თითოეული პუნქტის შესრულებას.

რაც შეეხება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას, როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ეს თავად სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.

„სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია სამთავრობო კომისიის ფორმატში. შეგვიძლია, დეტალურად წარვადგინოთ თითოეული პუნქტი, როგორ არის ასახული ეს პუნქტები სამოქმედო გეგმაში. ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, მყისიერად დაიწყება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელება. ინტენსიურად წარიმართება სამუშაო პროცესი უკვე იანვრიდან. პარლამენტი ჩაერთვება აქტიურად სამუშაო პროცესში იანვარ-თებერვალში. შესაბამისად, ცხრავე პრიორიტეტის შესრულება იქნება უზრუნველყოფილი, რათა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე, გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ. ეს არის შრომატევადი პროცესი, საბოლოო ჯამში ევროკავშირში გაწევრიანებას დასჭირდება არა ერთი და ორი წელი, მაგრამ მთავარია, ჩვენ თანმიმდევრულად ვიაროთ ამ მიზნისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.