სხდომაზე საუბარი შეეხო სუსის განცხადებასაც. ნამდვილად შემაშფოთებელია ის განცხადება, რაც გავრცელდა სუსის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ნებისმიერი ვითარების არევის მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მითუმეტეს ისეთი მძიმე პროვოკაციები, რომელზეც იყო საუბარი სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
სუსმა განცხადება გაავრცელა, სადაც გარკვეული პირების მიერ საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმაზეა საუბარი. „საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმის ავტორები არიან ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.