საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ ბუნებრივად, გეოგრაფიულად ვაკავშირებთ ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ჩვენი სურვილია კიდევ მეტად განვავითაროთ სატრანზიტო ფუნქცია. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურისა და ანაკლიის პორტის განვითარება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას „იმედის კვირაში“ ისაუბრა.
„შარშან, ჩინეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავიდა. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ თვისობრივად ღრმავდება თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენი ჩინეთში ვიზიტიც ემსახურებოდა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.