ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების 90 %-ზე მეტი 2028 წლისთვის შესრულებული ექნება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულებებსაც ვასრულებთ. არის ასოცირების დღის წესრიგიდან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები და ვფიქრობთ, რომ 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი შესრულებული გვექნება. თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გამოიყენება შანტაჟისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ევროპული სტრუქტურები, კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები იყენებენ კონკრეტულ საკითხებს შანტაჟისთვის საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, ეს არის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და სწორედ ამ შანტაჟის გათვალისწინებით ჩვენ ვთქვით ერთადერთი რამ, რომ ჩვენი მხრიდან 2028 წლის ბოლომდე არ ვაპირებთ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. თუ ისინი გადაწყვეტენ მოლაპარაკების გახსნას – კი ბატონო, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებთ ამ საკითხს დღის წესრიგში.
ამ განცხადებაზე გაღიზიანდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ ეს საკითხი შანტაჟისთვის დაეტოვებინათ და სწორედ მათი მხრიდან მოჰყვა გაღიზიანებული რეაქციები ჩვენს განცხადებას. ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება, უბრალოდ არავის და ვერავის მივცემთ კონკრეტული საკითხების შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას. არ შეიძლება, მუდმივად შანტაჟის ქვეშ აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. ჯერ იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც გამოიყენებოდა ასეთი შანტაჟისთვის წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ახლა არის მოლაპარაკების გახსნის საკითხი. შანტაჟის ნაცვლად ჩვენ ვითხოვთ საქმეს და ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე, სწორედ ეს საქმე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვალდებულებების შესრულებას აუცილებლად განვაგრძობთ“, – განაცხადა კობახიძემ.