საქართველო-ჩეხეთის მატჩზე ბიჭებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს ძალიან დიდი ტალანტი, განსაკუთრებული სულისკვეთება, განსაკუთრებული პატრიოტიზმი. სწორედ ამის შედეგია ის არაჩვეულებრივი თამაში, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალციხეში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება.
„ძალიან დიდი სიხარული იყო. პირველი თამაში იყო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აქ მოგებას, ერთგვარი გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა გამარჯვებას. თქვენ ნახეთ, რომ ძალიან დიდი ტალანტი აჩვენეს ბიჭებმა კიდევ ერთხელ და აჩვენეს განსაკუთრებული სულისკვეთება, განსაკუთრებული პატრიოტიზმი. ამის შედეგია ის არაჩვეულებრივი თამაში, რომელიც ვიხილეთ გუშინ. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს და სრულიად საქართველოს. მომავალში გამარჯვება მინდა ვუსურვო ჩვენს ნაკრებს. ზეგ არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში და დარწმუნებული ვარ, იქაც გვექნება არაჩვეულებრივი შედეგი“, – აღნიშნა პრემიერმა.