სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და ამის მთავარი მიზეზი არის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს არის მთავარი მიზეზი იმ მოცემულობის, რომელიც დღესაა ჩამოყალიბებული.
პრემიერის განმარტებით, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს.
„ყველაფერი განვითარდა არსებითად 2024 წლის არჩევნების გარშემო, როდესაც პირდაპირ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი და პირდაპირ გამოხატა საკუთარი საარჩევნო პოზიცია, პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ წააგეს ეს არჩევნები. ევროპულმა ბიუროკრატიამ, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, წააგო არჩევნები და დღემდე ვერ ეგუებიან ამას. რეალურად, ყველა აღიარებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას და ამის დასტურია მათ შორის ის ოფიციალური ღონისძიებები, რომლებშიც ჩვეულებრივად მონაწილეობს ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლება. აქ აღიარებაში კი არ არის საქმე, დღემდე გამოხატავენ წყენას, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული არსებული ხელისუფლების პირობებში. ეს არის მშვიდობის კურსი, პრაგმატული კურსი. იმ პირობებში, როდესაც არ იცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ბუნებრივია, არ გვაქვს არავითარი პროგრესი. ჩვენ გვაქვს ზოგადი იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება. სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ეს ყველაფერი დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








