„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ გრძელვადიანი სიმშვიდე დაისადგურებს ამ ქვეყანაში და ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კითხვაზე, თუ რაში დაიხარჯა ჯიმ ო’ბრაიენის მიერ ნახსენები 6 მლრდ დოლარი, პრემიერმა ასე უპასუხა:
„რაც შეეხება 6 მლრდ-ს, იყო გარკვეული წლები, 2009, 2010, 2011 წლები, როდესაც ეკონომიკას მოხმარდა ფული, მაშინ იყო სააკაშვილის რეჟიმი გადასარჩენი, საკმაოდ ბევრი დაიხარჯა მაშინ ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება ბოლოდროინდელ დაფინანსებას, სამწუხაროდ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი ხმარდება ისეთი ტიპის აქტივობებს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, განსაკუთრებით შევეხებოდი ბოლო 3, 4 წლის მოვლენებს.
სამწუხაროდ, იყო რევოლუციური პროცესები და გაუმჭვირვალე ფულმა სერიოზული როლი შეასრულა ამ პროცესებში. რომ არა ეს მოვლენები 2020, 2021, 2022, 2023 წლებში, ჩვენი ეკონომიკა, მაგალითად დღეს 30 მლრდ დოლარის მაგივრად იქნებოდა მინიმუმ 35 მლრდ დოლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად, დამატებით შევიდოდა მლრდ დოლარი. წარმოიდგინეთ, რამხელა რესურსის ხელიდან გაშვებაზეა საუბარი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, ეს კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ გრძელვადიანი სიმშვიდე დაისადგურებს ამ ქვეყანაში და ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. თუ ჩვენ გვექნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მომატებული ტემპი, ასეთ შემთხვევაში, ყოველწლიურად, დამატებით ჩვენს ბიუჯეტში შემოვა 1 მლრდ, 2 მლრდ დოლარი. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფა ამ ქვეყანაში, თუმცა შეიძლება ვიღაცეებს, კონკრეტულ სუბიექტებს ესეც არ აწყობდეთ. რაც უფრო ძლიერია შენი ეკონომიკა, შენი ბიუჯეტი, მით უფრო ნაკლებად შეიძლება იყო დამოკიდებული სხვაზე. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური დამოუკიდებლობა, ამიტომ ვამბობ, რომ დამოუკიდებლობას ეხება „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“.
ეს კანონი მოგვცემს ქვეყნის დამშვიდების საშუალებას, ქვეყნის დამშვიდება ნიშნავს უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს მეტ ფულს ბიუჯეტში და ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს კიდევ უფრო მტკიცე დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი ამოცანა და ამიტომ ვიბრძვით ასე აქტიურად, პრინციპულად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. ეს კანონი უკავშირდება სწორედ ამ ამოცანას, ამ მთავარ მიზანს, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რაც არის ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობა და შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაც,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.