სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ამ პრაქტიკას მიმართავენ ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბატონმა ბაჩიაშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„რეალურად, ნებისმიერი მედია პასუხს უნდა აგებდეს ობიექტურობაზე, თუმცა ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ შეკვეთილ სტატიებს, რაც ქმნის სამწუხარო რეალობას საერთაშორისო მედიაში. ასეთი შეკვეთილი სტატიები ყოველთვის ეფუძნება ხოლმე ყალბ ინფორმაციას, ყალბ სინამდვილეს, რასაც რეალურ სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. სწორედ ამაშია სტატიის შეკვეთის არსი. შენ შეგიძლია, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელო, თუ ამისთვის გადაიხდი ფულს და თან მითუმეტეს, თუ შენი ინტერესები ემთხვევა „დიფ სთეითის“ ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია, „დიფ სთეითის“ გავლენა საერთაშორისო მედიაზე, მათ შორის ევროპულ და ამერიკულ მედიაზე, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რეალურად ხდება ყალბი ინფორმაციის გასაღება რეალურ ინფორმაციად, სწორედ ასეთი შეკვეთილი სტატიების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.