იმედი გვაქვს, მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე კონსულტაციები გადაწყვეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ორშაბათს შედგება სემეკის სხდომა და მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით.

„ზოგადად ფასებს, ტარიფებს გაზსა და ელექტროენერგიაზე განაპირობებს, მათ შორის გლობალური ფასებიც. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ყველაფერს. ორშაბათს უკვე სემეკი მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც გაზთან, ასევე ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები. ბუნებრივ გაზზე იყო რისკი ტარიფის გაზრდის, მაგრამ კონკრეტული არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, ძალიან მაღალი ალბათობით, მოვახერხებთ ტარიფის შენარჩუნებას. გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ფასები გაიზარდა გაზზე, ჩვენთანაც ტარიფის ზრდის რისკი იყო, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ აღმოვფხვერით ამ სფეროში არასწორი პრაქტიკები, გაზის მიმართულებით შევძლებთ ტარიფის შენარჩუნებას. საერთაშორისო ტარიფები არის გაზრდილი, ამ ფონზე ჩვენ შიდა მექანიზმებით შევეცდებით, მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ის ტარიფები, რომლებიც არის როგორც გაზთან, ასევე ელექტროენერგიასთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.