ოპოზიციის წარმომადგენლები თავად იწვევენ საკუთარი მხარდამჭერების იმედგაცრუებას, ამდენი თვის განმავლობაში ატყუებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ ორი წელი ტყუილში აცხოვრა საკუთარი მხარდამჭერები.

„1 000 კაცის მიყვანა არ დაუგეგმავს ოპოზიციას. შეიძლება, აქაც დაგვაბრალონ, რომ მისული იყო 100 ათასი და სინამდვილეში ამ 100 ათასიდან ჩვენ გავაყალბეთ შეკრების 99 ათასი მონაწილე, ნებისმიერი ასეთი განცხადება არის არასერიოზული. ისინი თავად იწვევენ საკუთარი მხარდამჭერების იმედგაცრუებას. ამდენი თვის განმავლობაში ატყუებდნენ ამომრჩეველს. „ფეისბუქზე“ ვნახე მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც ამბობდა, 20-25% აქვს „ქართულ ოცნებასო“ და, მაქსიმუმ, გაყალბებით, შეიძლება, 10% გააყალბოსო, ეს არის მისი განცხადება – ატყუებდა ხომ? ის ატყუებდა, გვარამია, სააკაშვილი, გახარია, ხაზარაძე ატყუებდნენ, თან მერამდენედ. ეს ხომ პირველი ტყუილი არ არის. ჯერ ატყუებდნენ, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები. 2020 წლის ბოლოდან ორი წლის განმავლობაში ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, დაჟინებით ამბობდნენ ამას. ორი წელი ტყუილში აცხოვრეს საკუთარი მხარდამჭერები, მანამდე 2020-მდე ატყუებდნენ, რომ მოიგებდნენ არჩევნებს – ესეც ტყუილი. 2021-ში არწმუნებდნენ, რომ მოიგებდნენ არჩევნებს, ესეც კიდევ ტყუილი, 2024 არწმუნებდნენ, რომ მოიგებდნენ არჩევნებს, თან ძალიან დიდი უპირატესობით. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ხან 20-25%“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.