ხაბეიშვილი და ჩალაძე აორგანიზებენ ქვეყნის მასშტაბით რაღაც პროტესტს, კეზერაშვილი ამ ადამიანებს აფინანსებს და რაზეა საერთოდ საუბარი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ხედავს თუ არა რისკებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებში და პარტიის ლიდერთა განცხადებებში, სადაც საუბარია წინააღმდეგობის ცენტრების გაძლიერებაზე, სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების შექმნასა და საჭიროების შემთხვევაში მის ფიზიკურ გამოხსნაზე.
„ვხედავთ, რა არის მათი რესურსი. მათი რესურსია, 40 კაცი შეიკრიბოს და მივარდნენ პრემიერის სახლთან. მათ არ აინტერესებთ არც ეთიკა და არც არაფერი, საერთოდ არაფერი აინტერესებთ. მეორე, შეიძლება, კანცელარიასთან შეიკრიბონ, იგივე რაოდენობით. აი, ეს არის ხაბეიშვილის, ჩალაძისა და კეზერაშვილის რესურსი. ადრე თუ ჭიქაში მაინც ახერხებდნენ ქარიშხლის შექმნას, ახლა უკვე, ჭიქაშიც ვეღარ ქმნიან ამ ქარიშხალს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში მთავარია სამართლის უზენაესობა და ქვეყანა ამ პრინციპის შესაბამისად მოქმედებს.
„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და აშშ-ს თუ ეკუთვნით სამართლის უზენაესობა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ჩვენც დავიმსახურეთ სამართლის უზენაესობა უმაღლეს დონეზე და რა თქმა უნდა, ქვეყანა ამ პრინციპით გააგრძელებს მუშაობას, როგორი 40-კაციანი შეკრებებიც არ უნდა გამართონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.