კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის კონსტიტუციაზე მოძალადე პარტია, ამას აკეთებდნენ ისინი როცა იყვნენ ხელისუფლებაში და დღემდე გამოირჩევიან ამ თვისებით - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა,
„ეს არის ფარისევლობა. ჩვენ ვიცით, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არის კონსტიტუციაზე მოძალადე პარტია. ამას აკეთებდნენ ისინი როცა იყვნენ ხელისუფლებაში და დღემდე გამოირჩევიან ამ თვისებით, ეს ერთი და მეორე - ჩვენთვის შინაარსობრივად რა არის მნიშვნელოვანი - აქ არ არის საუბარი მხოლოდ კონსტიტუციის უხეშ, მაგრამ ფორმალურ დარღვევაზე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას ექმნება დაბრკოლება საკუთარი საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს.
თქვენ იცით, რომ არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შეხედულებებს შორის, რაც მათ შორის, უკავშირდება ევროინტეგრაციის თემას. ის [პრეზიდენტი] მაგალითად აცხადებს, რომ არ ვიმსახურებდით შარშან კანდიდატის სტატუსს, წელსაც არ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი განწყობით და დამოკიდებულებით ჩადიხარ ევროპაში, რა თქმა უნდა შენი ვიზიტი იქნება კონტრპროდუქტიული კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ფორმალური, წმინდა სამართლებრივი საკითხი. შინაარსობრივადაც საქართველოს მთავრობას ექმნება დაბრკოლება იმ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, რომელსაც მას ანიჭებს საქართველოს კონსტიტუცია. მათ შორის 78-ე მუხლსაც ვგულისხმობ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.