ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილს მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქვეყანა გათავისუფლდა უცხოელი აგენტების ავტორიტარული მმართველობისგან, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ადამიანების წამება, ქუჩაში ადამიანების დახვრეტა, ბიზნესზე ძალადობა, მედიის მიტაცება და უამრავი სხვა დანაშაული, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი ჩადიოდა. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ომის პარტია, რომლის ავანტიურამ 2008 წელს 400-ზე მეტი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, 30 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე დევნილობისთვის გაწირა და ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა. ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. 12 წლის მანძილზე, „ქართული ოცნების“ მმართველობამ საქართველოს, დემოკრატიულთან ერთად, ეკონომიკური გარდატეხაც მოუტანა: 28 მილიარდიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, – რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების დაფინანსება, – მილიონ 100 ათასიდან თითქმის 700 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს“, – განაცხადა კობახიძემ.