რვა წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად, ეს არის, პირველ რიგში, პირადად კახა კალაძისა და მისი გუნდის დამსახურება, მადლობა მინდა, გადავუხადო მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაური, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის მერის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დედაქალაქის ინფრასტრუქტურის პოლიტიკას შეეხებოდა.

„კახა კალაძის დღევანდელი პრეზენტაცია ეხებოდა ინფრასტრუქტურულ საკითხებს და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ა.შ. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით. ამის რწმენას გვაძლევს ის რვაწლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. რვა წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად და ეს არის, პირველ რიგში, პირადად კახა კალაძის და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა, გადავუხადო კახა კალაძეს რვა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერიის გუნდს“, – განაცხადა პრემიერმა.