ჯარის ბანაკის პროექტი, სადაც უშუალოდ სამხედრო ბაზებზე აქვთ მოსწავლეებს სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება და მიხარია, რომ წლევანდელ წელს უკვე მეორე ნაკადია და 2300 მოსწავლე არის უკვე ჩართული ამ მნიშვნელოვან პროექტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
„მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად და ვესწრები ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. მინდა მოგილოცოთ ბანაკის გახსნა. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო შეხება ჯართან. ჯარი არის ჩვენი სიამაყე და ჯარი არის ჩვენი ისტორია. ჯარი არის ის, რამაც დღემდე მოიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და იდენტობა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად ფასეულია თითოეული თქვენგანისთვის ის, რომ გექნებათ ამ დღეების განმავლობაში ჯართან, უშუალოდ ჯარისკაცებთან შეხების და სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება. ეს ყველაფერი მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად ეზიაროთ იმ ფასეულობებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა, რომლებზეც უნდა იდგეს ჩვენი საზოგადოება. ფასეულობების კუთხით არის უამრავი გამოწვევა თანამედროვე სამყაროში. არის გარკვეული ტენდენციები, რაც იქითკენ არის მიმართული, რომ დაკნინდეს ფასეულობები, რომელზედაც უნდა იდგეს ნებისმიერი საზოგადოება.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ყველა ის ფასეულობა, რომელიც უნდა იყოს მყარი საყრდენი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არის ჩართული ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. არის ორი მნიშვნელოვანი პროექტი - ჩვენი ჯარისკაცები მიდიან სკოლებში, ჩვენს ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს აცნობენ და არის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის გახსნასაც დღეს ვესწრებით - ჯარის ბანაკის პროექტი, სადაც უშუალოდ სამხედრო ბაზებზე აქვთ მოსწავლეებს სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება და მიხარია, რომ წლევანდელ წელს უკვე მეორე ნაკადია და 2300 მოსწავლე არის უკვე ჩართული ამ მნიშვნელოვან პროექტში. მადლობას ვუხდი თავდაცვისა და განათლების სამინისტროს და ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული და თქვენ ახალგაზრდებს მინდა გისურვოთ წარმატებული და სასიამოვნო დრეების გატარება. თქვენ გექნებათ აქ საშუალება, რომ აქტიურად და პროდუქტიულად დაისვენოთ და მიიღოთ ახალი ცოდნა და მინდა ამაში წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.